8-9 ივლისს ყვარლის მუნიციპალიტეტში “სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის” II ფორუმი გაიმართება, რომლის ინიციატორიც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტია.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის წევრები, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები, სამინისტროების წარმომადგენლები, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ თვითმმართველობებში რეფორმის კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე, კერძოდ: სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმაზე მუნიციპალიტეტებში, თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილებების გადაცემის საკითხზე (სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია), ახალგაზრდული პოლიტიკაზე მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეთა მონაწილეობაზე ადგილობრივი თვითმმართვლობის განხორციელებაში, სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების საკითხებზე დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში.
ფორუმს ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გახსნის. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართავენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და კახეთის რწმუნებულ-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.
ფორუმის მხარდამჭერები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და World Vision. ღონისძიება იმართება, შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.