თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დღეს დამტკიცდება

1192

თბილისის მთარობა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას დღეს დაამტკიცებს. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, მიიღებს ოპტიმალურ გენერალურ გეგმას, რომელიც ქალაქს განვითარების სწორ რელსებზე დააყენებს“, – განაცხადა კახი კალაძემ.

“სითი ინსტიტუტ საქართველომ“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის მერიას მაისში წარუდგინა.

27 მარტს გენგეგმა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს სასტუმრო “ბილტმორში” გააცნეს. შეხვედრა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.