კალაძე გენგეგმის განხილვაზე: ოპოზიციისგან მოვისმინეთ სადღეგრძელოები და ლექსები

917

წინა სტატია

თბილისის მერმა, კახი კალაძემ დედაქალაქის გენერალური განვითარების გენგეგმის შესახებ გადაცემაში “პირისპირ” ისაუბრა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“როდესაც მე საარჩევნო კამპანიას ვატარებდი, მაშინაც აღვნიშნავდი, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნებოდა ამ დოკუმენტის მიღება და მომეცა თუ არა ამის უფლებამოსილება, მაშინვე დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით.

ხელშეკრულება, რომელიც ქალაქის წინა მთავრობის პირობებში გაფორმდა, გულისხმობდა, რომ 18 თვისს ვადაში გეგმაზე მომუშავე “სითი ინსტიტუტს”  უნდა წარმოედგინა გამზადებული დოკუმენტი, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და როცა მე მერი გავხდი, უკვე 26 თვე იყო გასული ხელშეკრულეების გაფორმებიდან. როდესაც მათ ამ დოკუმენტეების მე-6 ეტაპი წარმოადგინეს, ჩვენ მათ დავუდგინეთ ძალიან ბევრი ხარვეზი. ეს მათაც გავაცანით და ვუთხარით, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გამოესწორებინათ.

შემდეგ მათ ისევ წარმოადგინეს დოკუმენტაცია და მასში ისევ უამრავი ხარვეზი იყო. ამისთვის ისინი 140 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. მათ ვუთხარით, რომ ამ ტიპის დოკუმენტს ვერ მივიღებდით და ვერ ვაკადრებდით დედაქალაქს იმას, რომ ამ სახით დოკუმენტი მიგვეღო. ვუთხარით ისიც, რომ თავად განესაზღვრათ ვადა, რამდენიც სჭირდებოდათ რომ გამოესწორებინათ ხარვეზები. შემდეგ მათ მოითხოვეს 45 დღე. ჩვენ ამაზე დავთანხხმდით, რადან ჩვენი გუნდის ინტერესია, ქალაქში არსებობდეს გენერალური გეგმის დოკუმენტი.

ამის შემდეგ ჩვენ შევქმენით ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შემდგარი ექსპრტთა ჯგუფი.

ჩემი მხრიდან არაერთხელ იყო მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ ვისაც სურვილი და შესაბამისი  კომპეტენცია გააჩნდა, ჩვენთან ერთად მიეღო გადაწყვეტილებები ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. თუმცა ამ პროცესში არავინ არ ჩაერთო.

დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციიდან არავის წაუკითხავს ეს დოკუმენტი და ეს გამოჩნდა დღევანდელი შემთხვევითაც. მათ ისიც კი გაუკვირდათ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე დავპატიჟეთ.

შეხვედრისას არავის არ უსაუბრია გენგეგმაზე. ჩვენ მოვისმინეთ კარგი სადღეგრძელოები, ლექსები, – ზოგს ერთი ტივი და ფიალა ღვინო აკლდა, ისეთ მდგომარეობაში იყო” – თქვა კალაძემ.

სასტუმრო “ბილტმორში” გენგეგმის განხილვა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია გენგეგმას აკრიტიკებდა, თბილისის მერი კი აცხადებდა, რომ ოპონენტებს შესაბამისი კომპეტენცია არ აქვთ, “გენგეგმა არის პროფესიონალების განსახილველი საკითხი”.

27 მარტს თბილისის გენგეგმის განხილვა სასტუმრო “ბილტმორში” ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაბარდა.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.