13 ივნისის სტიქიის ადგილზე, სასაფლაოს სიახლოევს, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

1296

თბილისში, სვანიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი იქვე მდებარე მშენებლობაზე დასაქმებულებმა აღმოაჩინეს. მათი თქმით, ცხედარი გახრწნილია. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მისი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.  ამ დროისთვის ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული. ცხედარი ახლოს მდებარე სასაფლაოს სიახლოვეს არის აღმოჩენილი.

ადგილზე ცოტა ხნის წინ მისულები იყვნენ 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული სერგო კაპანაძის ოჯახის წევრები, თუმცა მათ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს.

2015 წლის 13 ივნისს თბილისში, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 23 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მათ შორის, გარდაიცვალა მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სტიქიის ზონაში 7 ადამიანის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი დაიღუპა.

სტიქიის შედეგად დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი. განადგურდა 84 და დაზიანდა 158 საცხოვრებელი სახლი.