თბილისში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია იგეგმება. საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოცხადდა, რომლის ღირებულება 48 ათასი ლარია. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
დოკუმენტაციის მიხედვით, გზის არსებული საფარი ამორტიზებულია, შეიმჩნევა ორმოები, ჯდენები, გრძივი და განივი ბზარები.
გზის რეაბილიტაციის გარდა, თბილისის მერია ჭავჭავაძეზე ველობილიკის მოწყობასაც გეგმავს, რომლის სიგანე 3 მეტრი იქნება. ჭავჭავაძის გამზირის სიგრძე დაახლოებით 2.4 კილომეტრია.
საპროექტო წინადადებების მიღება 3 ივლისს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ გამზირის რეაბილიტაციის გეგმა ორთვიან ვადაში უნდა შეადგინოს. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, სამშენებლო ტენდერიც გამოცხადდება. სამუშაოს დასრულების ვადა ჯერ უცნობია.