ნაძალადევში მედიათეკა გაიხსნა

1730

თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში მედიათეკის რიგით მესამე ფილიალი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი შენობა მოქალაქეებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის კიდევ ერთ, ახალ სივრცეს სთავაზობს. ნაძალადევის რაიონში მდებარე ახალი მედიათეკა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს “თბილისის მედიათეკების გაერთიანების” ხელმძღვანელთან, გურამ ნიკოლაშვილთან ერთად გახსნა.

“ახალი მედიათეკა არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის, რომელიც არა მხოლოდ ნაძალადევის რაიონს, არამედ მთელ ქალაქს მოემსახურება. სამივე ფილიალში, ამ დროისათვის, 20 000-მდე წიგნი ინახება და ეს ფონდი მომავალშიც განახლდება. ასევე, აქ არის შეხვედრების, პრეზენტაციების, სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი და სივრცე, ასე რომ, ეს პარკი და ზოგადად ეს რაიონი ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად გამოცოცხლდება, გააქტიურდება. ახალი მედიათეკა, რიგით მესამეა და დანარჩენი ორისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია,”- განაცხადა თბილისის მერმა.

„თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ მულტიმედიური ბიბლიოთეკების ქსელია, რომელიც მერიის ინიციატივით 2013 წელს გაიხსნა და კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმას წარმოადგენს. მედიათეკების გაერთიანება თავის წევრებს წიგნების (სხვადასხვა ენაზე) მუდმივად განახლებად ფონდს სთავაზობს. გარდა ამისა, მედიათეკაში მისულ სტუმრებს აქვთ წვდომა ელექტრონულ რესურსებთან, იყენებენ სამუშაო სივრცეებს. ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები. მედიათეკის წევრობა ფასიანია და, ამ დროისთვის, უკვე სამი ფილიალი ფუნქციონირებს: ვაკის, ვარკეთილის და ნაძალადევის.

აღსანიშნავია, რომ მედიათეკების შენობები დაკომპლექტებულია სამკითხველო დარბაზებით, კომპიუტერული სივრცეებითა და მულტიმედიური ოთახებით, სადაც ეწყობა ფილმების ჩვენებები, კონფერენციები და სხვადასხვა ხასიათის შეხვედრები. მედიათეკების გაერთიანების ამოცანაა, როგორც საკუთარი პროექტების განხორციელება, ასევე, დაინტერესებულ მომხმარებელთა და პარტნიორთა ხელშეწყობა.

ახალი მედიათეკის სამშენებლო სამუშაოები, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შ.პ.ს „ბლოკ ჯორჯიამ“ განახორციელა და დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 087 000 ლარი დაიხარჯა. მედიათეკების შენობების პროექტების ავტორი ,,ლაბორატორია N-3”-ა, რომელიც 2006 წლიდან არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში საქმიანობს. მედიათეკის ინფრასტრუქტურული და შინაარსობრივი კონცეფციის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო მარკეტინგული კვლევების ცენტრ “ესქპერტოს (“EXPERTO” consulting and marketing research centre) დირექტორმა ლუდოვიკ ჟირომ.

მედითეკების სამივე ფილიალში, ამ დროისათვის, 20 000-მდე წიგნი ინახება.

ახალი მედიათეკის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, საკრებულოს დეპუტატები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.