მამუკა ბახტაძე: ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მიწის ახალი რეფორმა

756

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიწის ახალი რეფორმაა საჭირო, რადგან მისი აზრით, დღეს არსებული მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის პოტენციალის სრულფასოვან ათვისებას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ბახტაძის თქმით, მთავრობამ მიიღო მოკლევადიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშნელოვნად შეარბილებს პრობლემებს, რაც ამ მიმართულებით იყო.

„ერთ-ერთ მთავარი პუნქტი, რაც ამ მიმართულებით ჩვენს პროგრამაშია და ივლისში კანონის სახეს მივცემთ, არის ის, რომ ყველა საგადასახადო დავალიანება, რომელმაც გამოიწვია კომპანიების გაჩერება, 2013 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით სრულად ჩამოიწერება. თუმცა ეს არ არის საკმარისი პირობა და ჩვენ გვჭირდება ახალი რეფორმა, რომელიც საშუალებას მოგვემს, გადავიდეთ სრულფასოვან მომგებიანი ეკონომიკური სექტორის შექმნაზე. დღეს სამწუხაროდ სოფლის მეურნეობის დიდ ნაწილში არის ისევ ნატურალური მეურნეობა და როდესაც ასეთ მნიშნელოვან სექტორში ნატურალური მეურნეობა დომინირებს და შეგახსენებთ, რომ დღეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ჩვენი მოსახლეობის 50%, რა თქმა უნდა ეს იწვევს მხოლოდ სიღარიბეს და ვერ იწვევს განვითარებას. შემიძლია დაგპირდეთ,  რომ ამ მიმართულებით იქნება ფუნდამენტური რეფორმები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონის ვადა, რომელიც 2018 წლის 1 ივლისამდე იყო განსაზღვღული,  2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.