თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ავტობუსის კონტროლიორები გაცდენილი პერიოდის ხელფასებს უკლებლივ აიღებენ. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
“რაც შეეხება კონტროლიორებს, აქ არის საუბარი იმ რამდენიმე დღეზე, როდესაც ეს ადამიანები არ მუშაობდნენ მეტროს გაჩერების გამო და ავტობუსები უფასო რეჟიმში გადაადგილდებოდნენ. ეს ადამიანები იმ გაცდენილი პერიოდის ხელფასს უკლებლივ აიღებენ”,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ხმალაძემ კომენტარი გააკეთა ასევე თბილისი-რუსთავის მაგისტრალთან მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნაზე, რომ მერიამ შუამდგომლობა გაუწიოს აზიის განვითარების ბანკსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის, რათა მათ მაგისტრალის მშენებლობის გამო კომპენსაცია მიიღონ, ხმალაძის განმარტებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება თუ ამის საჭიროება იქნება.
“თბილისი-რუსთავის მაგისტრალთან დაკავშირებით, პროექტს ახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.მე არ მგონია,
რომ ამ შემთხვევაში, იყოს მოსახლეობასა და სამინისტროს შორის მერიის შუამდგომლობის აუცილებლობა, მაგრამ მერიის ჩართულობამ შეიძლება, რაიმე პროცესებს შეუწყოს ხელი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით. დღესვე შევხვდები ოპოზიციის წარმომადგენლებს, დეტალურად განვიხილავთ საკითხს, თუ ამის საჭიროება იქნება. დღესვე მექნება კომუნიკაცია სამინისტროსთან, თუმცა არ მგონია, რომ ამის საჭიროება იყოს”, – განაცხადა ხმალაძემ.
მეტროს მემანქანეები 4 ივნისს ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. ისინი სამსახურს 6 ივნისს შუა დღეს დაუბრუნდნენ.