ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ნარჩენების მართვას იწყებს. მუნიციპალატეტის კეთილმოწყობის სამსახურმა სოფელ ომალოში ორი ნაგვის მანქანა და 50-მდე ურნა აიტანა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
როგორც ახმეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა განაცხადა, ურნების განთავსება სხვა სოფლებშიც იგეგმება.
„ამ ეტაპზე თუშეთში ნაგვის 48 ბუნკერი ავიტანეთ. უახლოეს მომავალში ურნების განთავსება თუშეთის დანარჩენ სოფლებშიც იგეგმება, რაც დასუფთავების სერვისისა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ნარჩენების სეპარირების მიზნით ვგეგმავთ ბუნკერების განთავსებასაც, სადაც მხოლოდ პლასტმასის ბოთლები მოთავსდება“, -თქვა ვაჟა ნასყიდაშვილმა.
თუშეთში მუნიციპალური ნარჩენების მართვის პროგრამა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.