მარნეულის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანისათვის 16 949 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტი აღნიშნული სახის ტენდერს უკვე მეორედ აცხადებს, პირველ ჯერზე ტენდერში ინდივიდუალურმა მეწარმე გიორგი მაღლაფერიძემ გაიმარჯვა, რომელმაც
125-მდე ძაღლი ოზურგეთის თავშესაფარში გადაყავდა და შესაბამისი პროცედურების შემდგომ, მათი გარკვეული რაოდენობა ისევ უკან დააბრუნა.
21 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში, პირობები წინა ტენდერის თითქმის იდენტურია, განსხვავება მხოლოდ ძაღლების რაოდენობასა და ტენდერის ღირებულებაშია.
პირველი ტენდერი 127 ძაღლის თავშესაფარში გადაყვანისათვის გამოცხადდა, რისთვისაც მერიამ 12 065 ლარი დახარჯა. ხოლო ახალი ტენდერი 242 ძაღლის თავშესაფარში გადაყვანისათვისაა გამოცხადებული, სატენდერო წინადადების ღირებულება კი 16 949 ლარს შეადგენს.
თავშესაფარში გადასაყვანი ძაღლების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 115-ით გაიზარდა, ხოლო მათი გადაყვანისათვის თანხა სულ რაღაც 4 249 ლარით.