ქობულეთის სანაპიროზე დამცავი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, ტურისტული სეზონისთვის სამუშაოების დასრულება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქმეში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთო.
უწყების ცნობით, ის პრობლემური მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება, დროებით მოპირკეთდება და დასუფთავდება, პროექტის ბოლომდე მისაყვანად კი მუშაობა სეზონის დასრულებისთანავე განახლდება.
„მსოფლიო ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“, გასული წლის შემოდგომაზე ქობულეთში, დაახლოებით 2 კმ ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი წელს, საზღვაო სეზონის დადგომამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა კონტრაქტორმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოყვა.
1 მაისიდან სანაპიროს და ბულვარის რეაბილიტაციის პროცესში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთო.