თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ისე მოუარონ ქალაქს, როგორც საკუთარ ნივთებს უვლიან სახლებში. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან ახალი პროექტის „გაუფრთხილდი ქალაქს“ მნიშვნელობაზე საუბრისას თქვა.
„ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის – “გაუფრთხილდი ქალაქს” განხორციელებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქის გალამაზებასა და დასუფთავებაში ყველამ ჩვენი ვალდებულება ავიღოთ. ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანია მოხალისე, ვისაც სურვილი აქვს მსგავს ღონისძიებაში ჩაერთოს. ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ. პასუხისმგებლობა, რაც გვაქვს აღებული, კარგად გვესმის და ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ, თუმცა მოსახლეობის მხრიდან თანადგომა გვჭირდება. უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო და გაჩვენოთ ფოტოები – ახალი გაკეთებული სკვერები, ბაღები თუ რა მდგომარეობაშია და როგორ არის დაზიანებული. ვანდალიზმის ძალიან ბევრი ფაქტია. ერთმანეთის გვერდში დგომა გვჭირდება, რომ მოსახლეობას ავუხსნათ-რასაც დედაქალაქის მერია აკეთებს, ის თანხები, რაც იხარჯება, არის ამ ადამიანების შენატანი ბიუჯეტში, ჩვენ კი უბრალოდ მენეჯმენტს ვუწევთ თანხებს. ამდენად, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული და ერთად მოვუაროთ ჩვენს დედაქალაქს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
თბილისის მერიამ ახალ პროექტი სახელწოდებით “გაუფრთხილდი ქალაქს” დაიწყო.