გორში თაფლის ახალი საწარმო შენდება

1081

გორში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თაფლის კოოპერაციული ახალი საწარმო შენდება. საწარმოში ერთგვაროვანი თაფლის მიღება იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კავკასიის ალიანსების პროგრამის ინიციატივით გამართულ თაფლის მრჩეველთა კომიტეტის პირველ სხდომაზე თქვა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ბიომრავალფეროვნებიდან გამომდინარე ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი მაღალი ხარისხის თაფლი აწარმოოს.

„მეფუტკრეობის სექტორის განვითარება არის ძალიან კომპლექსური და დაკავშირებულია ბევრ საკითხთან, ამისათვის საჭიროა ჩვენ კომუნიკაციის პლატფორმა შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ „თაფლის საბჭო“, სადაც ჩართული იქნება სამინისტრო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები. საბჭოში მოხდება მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა. თუ ეს იქნება მობილური საბჭო და გვექნება რეგულარული შეხვედრები, ჩვენ მივაღწევთ პროგრესს და ოპერატიულები ვიქნებით გადაწყვეტილებების მიღებაში”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისთვის, „თაფლის საბჭო“ იქნება კერძო და საჯარო უწყებების ერთობლივი გეგმის შემუშავებისთვის მნიშვნელოვანი გაერთიანება.
ლევან დავითაშვილმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო კვლავ აქტიურად მუშაობს მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის მიმართულებით.