ნაძალადევის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე 15 -მდე კომპანიამ სამუშაოს მაძიებელთათვის 1500 -მდე აქტიური ვაკანსია წარმოადგინა.
თავისუფალი სამუშაო ადგილები მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო და ტურიზმის, ასევე ტექნიკური მიმართულების სფეროებში იყო წარმოდგენილი.
ფორუმი ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭელიძემ გახსნა, რომლის ინიციატივითაც ჩატარდა ღონისძიება.
„ნაძალადევის რაიონში ოთხი ათასზე მეტი დევნილი ოჯახი და თვრამეტი ათასზე მეტი სოციალურად დაუცველია რეგისტრირებული. იმედს ვიტოვებ, რომ დღევანდელი ღონისძიება, როგორც კომპანიებისთვის, ისე სამუშაოს მაძიებელი ჩვენი რაიონის მოსახლეობისთვის სასარგებლო იქნება“, – განაცხადა დავით ჭელიძემ.
დასაქმების ფორუმი უკვე გაიმართა სამგორის, საბურთალოს, გლდანის რაიონებში.