ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამაში ცვლილებებს ითხოვენ

942

ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამის ხარვეზებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბევრი ნიუანსია, რომლეც დახვეწას საჭიროებს. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

კომპანია “შალოშვილის მარანის” დამფუძნებელი ალექსი შალოშვილი ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიების პირობებში ბევრი რამ არის შესაცვლელი იმისთვის, რომ დაზღვევა ფერმერისთვის უფრო მისაღები გახდეს. შალოშვილი კახეთში, ქინძმარაულის მიკროზონაში 16 ჰექტარ ვენახს ფლობს, სადაც საფერავის, რქაწითელის, მწვანეს ჯიშის ყურძენია გაშენებული. ვენახში წელიწადში საშუალოდ 150 ტონა მოსავალი მოჰყავთ.

შალოშვილის განმარტებით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ სადაზღვევო კომპანიები ყურძენს არასაბაზრო ღირებულებით აფასებენ. 1 კილოგრამი ყურძენში ისინი 1 -1,20 ლარს იხდიან, მიუხედავად იმისა, რა ჯიშისაა ეს ყურძენი, რაც არასწორია. შესაბამისად, დასეტყვის შემთხვევაში, ზარალის ღირებულება გაცილებით დიდია, ვიდრე მას სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს.

“ზარალი უნდა დაითვალონ საბაზრო ღირებულებით, დანარჩენზე პრეტენზია არ მაქვს. თუმცა, მეორე პრობლემა ისაც არის, რომ სადაზღვევო კომპანია მთლიანი სადაზღვევო თანხის 10%-ს წინასწარ გვახდევინებს, ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როდესაც ვენახში სამუშაოებს ვიწყებთ და უამრავი პრობლემაა. ერთ ჰექტარზე 10 ტონა ყურძნის მოსავალს ითვლიან და კილოგრამას ერთ ლარად აფასებენ, ამ შემთხვევაში სადაზღვევო თანხა ჰექტარზე 10 ათასი ლარი გამოდის, რომლის 10% -იც წინასწარ უნდა გადავიხადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია ზარალს არ აგვინაზღაურებს“ – აცხადებს შალოშვილი.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ფერმერი საუბრობს, ზარალის ასანაზღაურებელი პერიოდების გათვლაშია. კერძოდ, სადაზღვევო კომპანია დასეტყვილი ვენახის ზარალს მხოლოდ იმ შემთხვევაში ანაზღაურებს, თუ იგი უკვე მსხმოიარეა.

“თუ სეტყვა მანამდე მოვიდა, ვიდრე ვენახში ყურძენი მტევანს გამოიღებს, ზარალს საერთოდ არ გვინაზღაურებენ, რაც არასამართლიანია. მანამდე ვენახში გაწეული ხარჯები მთლიანად წყალში გვეყრება, ჩვენს მიერ გადახდილი მოსავლის ღირებულების 10% კი სადაზღვევო კომპანიას რჩება”, – აცხადებს შალოშვილი.

მისი განმარტებით, ბაზარზე რამდენიმე სადაზღვევო კომპანია არსებობს, თუმცა პირობები ყველას ანალოგიური აქვს.