საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტს ევროსტანდარტების შესაბამისი 200 ურნა გადასცა. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის სიმონ ქოჩორაშვილის განმარტებით, ნაგვის ურნები ქალაქ გურჯაანში და მუნიციპალიტეტის სოფლებში გადანაწილდება და ძირითადად ცენტრალურ მაგისტრალზე განლაგდება.
„ორმოცი ურნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სემმა“ გადმოგვცა, 200 მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 306 ურნის შეძენა. რადგან გადმოგვცეს, რამდენიმეღა გვაკლდება, რომელსაც წლის ბოლომდე შევიძენთ. ურნები დასაწყობებულია. გვაქვს მიღება – ჩაბარების აქტი, დღეს ან ხვალ უკვე ოფიციალურად გადმოგვცემენ.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ კახეთის რეგიონს ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 1 800 სანაგვე ურნა გადასცა. ურნები ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში გადანაწილდა.