ახალციხეში, შპს „მექანიზატორში“ ის ლაბორატორია გაუქმდა, რომელშიც ნიადაგის კვლევა ტარდებოდა. ლაბორატორიის ყოფილი თანამშრომლები ფიქრობენ, რომ მიზეზი ფასების ზრდა გახდა, რამაც ჯერ მომხმარებლის შემცირება, საბოლოოდ კი ლაბორატორიის დახურვა გამოიწვია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხეში, მექანიზაციის სერვის ცენტრის ლაბოროტარიაში ნიადაგის კვლევა არაერთი მიმართულებით იყო შესაძლებელი.
„ზუსტი კვლევა ხდებოდა კულტურების მიხედვით, რა დოზით უნდა შეეტანათ აზოტი, კალიუმი, ფოსფორი. კულტურების მიხედვით ვადგენდით სიმკვრივეს, შაქრის შემცველობას, მჟავიანობას, მარილიანობას. დასაწყისში 15 ლარი იყო ნიადაგის ანალიზის ფასი, შემდეგ 50 ლარი გახდა, რამაც კლიენტების ნაკლებობა გამოიწვია“, – ამბობს ყოფილი ლაბორანტი ლილი ბლიაძე.
მომხმარებლის რაოდენობა რომ ბოლო დროს მნიშვნელოვნად შემცირდა, ამაზე შპს „მექანიზატორის“ მენეჯერი კახა ჩინჩალაძეც საუბრობს, თუმცა, მისი თქმით, ამის მიზეზი ქალაქში შექმნილი კონკურენცია გახდა: „დაახლოებით ერთი წელია რაც აღარავინ მოდის კვლევისთვის. ახალციხეში სხვა ლაბორატორიებიც გაიხსნა და იმიტომ“.
ახალციხეში ნიადაგის კვლევის კიდევ ორი ლაბორატორიაა, თუმცა, ორივე მათგანი დაარსებიდან ხუთ წელზე მეტს ითვლის. მათ შორის ერთ–ერთი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოში, სასოფლო საკონსულტაციო სამსახურთან ფუნქციონირებს და იქ გახსნის დღიდან მომსახურება უფასია: „თუმცა ჩვენთან არ ტარდება ნიადაგის სიღრმისეული ანალიზი. სიღრმისეული ანალიზი არც „მექანიზატორის“ ლაბორატორიაში კეთდებოდა, მაგრამ იქ ჩვენთან შედარებით მეტ კომპონენტზე იყო ანალიზის ჩატარება შესაძლებელი“, – ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნანა ზუბაშვილი.
მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ ლაბორატორიას ნიადაგის ანალიზის მულტიტესტი დაემატა: „მიუხედავად ამისა, ჩვენთან მხოლოდ სამ ძირითად კომპონენტზე ტარდება კვლევა, მეტზე არა“.
ახალციხეში მოქმედ კვლევით–დიაგნოსტიკურ ცენტრში, რომელიც ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ნიადაგში მავნე ორგანიზმების არსებობას, ასევე მის ნაყოფიერებას იკვლევენ: „თუ ნიადაგის სიღრმისეული კვლევა დასჭრიდება ფერმერს, მას შეუძლია, რომ მიწა მოიტანოს ჩვენთან და ჩვენ გადავგზავნით თბილისში. ამ კვლევის ჩატარება დაახლოებით 500 ლარი დაჯდება“, – გვიხსნიან ახალციხის კვლევით დიაგნოსტიკურ ცენტრში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სასოფლო საკონსულატციო ცენტრის“ დირექტორი გურამ ჯინჭველაძე ამბობს, რომ ფერმერების 99% ნიადაგის ანალიზს არ აკეთებს: „ისეთი ფერმერების რაოდენობა, ვისაც სურს, რომ რომ ნიადაგის სიღრმისეული კვლევის შედეგად კარგი მოსავალი მინიმალური დანახარჯებით მოიყვანოს, ძალიან ცოტაა. ცუდია რომ „მექანიზატორში“ ლაბორატორია დაიხურა. რაც უფრო მეტი ლაბორატორია იქნება ქალაქში მით უკეთესია. იქ სახელმწიფოს სუბსიდიის ხარჯზე ფერმერი ნაკლებ თანხას იხდიდა. ახლა კი ეს სერვისი აღარაა“.
ათეული წლებია ეზოში, პატარა ნაკვეთს ამუშავებს, თუმცა, ნიადაგის ანალიზის შესახებ არაფერი სმენია სოფელ მუსხში მცხოვრებ ხათუნა ზაზაძეს: „როცა მიწა მოსავალს არ გვაძლევს ვხვდებით, რომ ნაკელი, ან სასუქია შესატანი და ასე ვანოყიერებთ ნიადაგს. მაგ ანალიზზე არ გამიგია, მაგრამ გააჩნია რამდენი ლარი იქნება გადასახდელი, 15 ლარს გადავიხდით, მაგრამ 500 ლარს ვერ შევწვდებით ნამდვილად“.
ზაზაძისგან განსხვავებით, რამდენიმე ჰექტარზე უთესია კარტოფილი მუგო მოსესიანს, თუმცა ნიადაგს დათესავამდე არც ის იკვლევს: „დაახლოებით ვიცი ჩემ ნიადაგს რაც სჭირდება, ამიტომ ჩემი მეთოდებით ვუვლი. ახლა რომ თბილისში გავგზავნო სინჯები 3 000 ლარამდე დამიჯდება, სხვადასხვა ადგილიდან ხომ უნდა ავიღო მიწა და არ მიღირს“.