თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანის მსურველ კომპანიას დოკუმენტაციის წარდგენისთვის ვადა 22 ივნისამდე გაუგრძელდა

1026

თბილისის მერიის მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით, კომპანია „თეგეტა თრაქ & ბასის“ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა 22 ივნისამდე გაუგრძელდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შპს “თეგეტა თრაქ & ბასს” დოკუმენტაციის წარდგენის ვადა კიდევ ერთხელ მისცა. თავდაპირველად განსაზღვრული ვადა 19 ივნისს ამოიწურა.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის წერილიდან ირკვევა, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია შეიცავს უზუსტობებს და არ არის სრულყოფილი, რის დასაზუსტებლადაც ვადა 22 ივნისამდე მისცეს.

ცნობისთვის, ტენდერში ინტერესი მხოლოდ ამ ერთ კომპანიას – „თეგეტა თრაქ & ბასს“ აქვს გამოხატული. კომპანია მერიისგან 90 ავტობუსის მიწოდების სანაცვლოდ 45 მილიონ ლარს ითხოვს.

“თეგეტა მოტორსმა” შპს “თეგეტა თრაქ & ბასი” 2006 წელს დააარსა, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული მანქანათმშენებელი კონცერნის MAN TRUCK & BUS AG-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. დღეისათვის, “თეგეტა თრაქ & ბასი” მსოფლიოში აღიარებული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების MAN TRUCK & BUS-ის, JCB-ის, SCHMITZ-CARGOBULL-ის, CIFA-ს, FAUN-ის, ZIEGLER-ის, KATMERCILER-ის, TEREX-ის, ISUZU-ს და მრავალი სხვა კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი და სერვისპარტნიორია საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი, აუქციონის გარეშე მაისის ბოლოს თავიდან გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 90 ავტობუსის შესყიდვას 45 მილიონ ლარად გეგმავს. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 180 ათასი ლარია. გარანტიის ოდენობა 45 000 ლარი, ხოლო ვადა 160 დღეა.

მერიის მიერ მოთხოვნილი პირობების თანახმად, პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ყველა ავტობუსი უნდა იყოს ერთი მარკის და ერთი მოდელის. ავტობუსების გამოშვების თარიღი უნდა იყოს არანაკლებ 2018 წელი.

ავტობუსების მახასიათებლები შემდეგი უნდა იყოს: ძარის ტიპი (Body style) დაბალ შესასვლელიანი საქალაქო ავტობუსი (დასაშვებია მესამე კარებთან გააჩნდეს ერთი საფეხური); ავტობუსის სიგრძე 10000 მმ (+1000 მმ, -500 მმ) სიგანე 2500 მმ (± 100 მმ) (უკანა ხედვის სარკეების გარეშე) სიმაღლე 2800 მმ (+ 400 მმ) (სახურავზე დამონტაჟებული კონდიციონერის გარეშე) მაქსიმალური წონა (დაუტვირთავ მდგომარეობაში) არაუმეტეს 18 000 კგ.

მგზავრების დასაჯდომი ადგილები (მძღოლის დასაჯდომის გარეშე) არანაკლებ 23 დასაჯდომი ადგილი + სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით, ეტლის სათანადო ადგილას დასამაგრებელი მოწყობილობით. ადგილების კონფიგურაცია უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება მგზავრების რაოდენობა სულ (მძღოლის დასაჯდომის გარეშე) არანაკლებ 69 მგზავრი.

ძრავი დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი, არანაკლებ Euro VI ემისიის სტანდარტის შესაბამისი. ძრავის სიმძლავრე არანაკლებ 200 კვტ. წვა 100კმ-ზე სორტების მიხედვით არაუმეტეს 35 ლიტრისა 100 კმ-ზე. საწვავის ავზის ტევადობა არანაკლებ 200 ლიტრი. სიჩქარე არანაკლებ 70 კმ/სთ.

ავტობუსი უნდა იყოს მარცხენა საჭიანი, გამაძლიერებლით აღჭურვილი. ავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები უნდა იყოს თბო-იზოლირებული. მარჯვენა მხრიდან უნდა გააჩნდეს 3 ასასვლელი. ასასვლელებში არ უნდა იყოს საფეხურები (დასაშვებია მესამე კარებთან გააჩნდეს ერთი საფეხური), ავტობუსის გადაადგილების რეჟიმში უნდა ხდებოდეს ყველა კარების ბლოკირება. კარები უნდა იღებოდეს ავტობუსის მხოლოდ გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის დროს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მექანიკური პანდუსი უნდა იყოს მეორე კარის ტერიტორიაზე რათა საშუალება იყოს ეტლის შესვლისა. პანდუსს უნდა შეეძლოს დაახლოებით 300 კილოგრამი ტვირთის ზიდვა.

გარდა ამისა, მოთხოვნების თანახმად, ავტობუსის დასაჯდომები უნდა იყოს ანატომიური ტიპის. არ უნდა ჰქონდეს უხეში კიდეები. დასაჯდომების საფარი დამზადებული უნდა იყოს მასალისგან, რომელიც არის რბილი, ფორმა შენარჩუნებადი, წყალგამძლე, მტვერმედეგი, სითბოს შენარჩუნებადი, დაკაწვრისგან გაძლებადი და გამძლე. დასაჯდომების და გადასაფარებლების დიზაინი და ფერი შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან.

ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთა განყოფილების ინტეგრირებული გათბობა, კონდინცირება და ვენტილაცია. ავტობუსის კონდინცირება გათვლილი უნდა იყოს თბილისის კლიმატურ პირობებზე (-15˚C – +45˚C)

ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, რომლის გამოსახულების გამოტანა უნდა ხდებოდეს მძღოლთან არსებულ დისპლეიზე (მონიტორზე). ერთი კამერა მიმართული უნდა იყოს წინ, გზისკენ, მეორე – მძღოლისკენ, დანარჩენი კამერები უნდა იძლეოდეს ავტობუსის მთლიანი შიდა სივრცის მონიტორინგის შესაძლებლობას.

მერიის მოთხოვნის თანახმად, ავტობუსს უნდა გააჩნდეს გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება.