თუშეთში მდებარე სოფლებს – ფარსმას და კვავლოს, ასევე ნასოფლარებს – აგეურთას, გირევს, დაქიურთას, ძველ დიკლოს, ინდურთას, წაროს, ჭონთიოსა და ჰეღოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა შესაბამისი ბრძანება 2018 წლის 15 ივნისს გამოსცა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ სოფლებისა და ნასოფლარებისთვის ძეგლის მინიჭების მიზანი ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვაა.
ყველა ეს სოფელი და ნასოფლარი გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლია.
საქართველოს მთავრობა თუშეთში 10 ციხე-სოფლის – ძველი დიკლოს, ძველი გირევის, ჭონთიოს, ჰეღოს, აგეურთას, წაროს, კვავლოს, ფარსმას, დაქიურთასა და ინდურთას საინვენტარიზაციო-კვლევით სამუშაოებს დაიწყებს. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, საწყის ეტაპზე, დაახლოებით 400 ათასი ლარი გამოიყოფა.