სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე ფიქრობს, რომ სამთავრობო ცვლილებები ქვეყნის განვითარებას დააჩქარებს. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.
„ხელისუფლებას აქვს ადეკვატური პასუხი ყველა იმ გამოწვევაზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას. ცვილილებები მთავრობაში ეს ბუნებრივი პროცესია და ამას კავშირი არ აქვს სამთავრობო კრიზისთან. ოპონენტებს უნდათ შექმნან განცდა, რომ პოლიტიკური კრიზისია. ეს არის გუნდის განახლება იმისთვის, რომ მეტად განვითარდეს ეკონომიკა და სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე.
რეგიონის პირველი პირი ყოფილი პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მუშაობას დადებითად აფასებს, თუმცა, ფიქრობს, რომ „ახალი პრემიერის გეგმებით ქვეყანა უფრო სწრაფად განვითარდება“.
მისი თქმით, კვირიკაშვილის მუშაობის პერიოდში ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: „იყო ეკონომიკური ზრდაც. ასევე, დაიგეგმა ბევრი პროექტი, რომელიც მომავალში განხორციელდება“.
კახა სამხარაძე ახალი პრემიერ–მინისტრის ხედვას სამინისტროების შემცირებასთან დაკავშირებით მიესალმება: „რაც უფრო ნაკლები ბიუროკარტია იქნება. მით მეტი ორიენტირება იქნება საქმის კეთებაზე“.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის შემადგენლობა უკვე წარუდგინა.