ვარძიაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ხანძარი 2016 წლის პირველ ნოემბერს, ღამით გაჩნდა. მწუხრის ლოცვის შემდეგ, გვიან ღამით, ვარძიაში მცხოვრებ ბერებს ეკლესიაში კვამლი დახვდათ. მათი ვარაუდით, სვეტიდან ანთებული სანთელი გადმოვარდა, რის გამოც ცეცხლი ჯერ ძირზე დაფენილ ხალიჩას, შემდეგ კი ხის მაგიდას მოედო. აქ რამდენიმე ათეული პარაფინის სანთელი იყო და ამან ცეცხლი კიდევ უფრო გააძლიერა.
მალევე ტაძარში დაზიანებული ფრესკების აღდგენის პროცესი დაიწყო. აქ ხანძრისგან დაზიანებული ფრესკების გაწმენდა ერთი წელი მიმდინარეობდა. გამოცემა “სამხრეთის კარიბჭემ” მოამზადა სტატია, თუ როგორი იყო ტაძარი ხანძრის შემდეგ და როგორია დღეს, როდესაც რამდენიმე ფრესკის ნაწილი უკვე აღადგინეს.
ვარძია ხანძრამდე
ვარძია ხანძრის შემდეგ
ხანძრის შემდეგ აღდგენილი ვარძია
„პირველ ეტაპზე მოხდა ზედაპირული ჭვარტლის მოხსნა რბილი საკონსერვაციო ფუნჯების დახმარებით, მეორე ეტაპზე გამოვიყენეთ საკონსერვაციო ღრუბლები, რომლის მეშვეობითაც მხატვრობის ფორებში ღრმად ჩამჯდარი ჭვარტლის ნაწილაკების შემცირება შევძელით“, – ამბობს თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა კუპრაშვილი.