საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, 12 ივნისს ძველი თბილისის რეაბილიტაციის გეგმისა და გეგმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრას გამართავს.
ფრაქციის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ცნობილი არქიტექტორების, ურბანისტებისა და რესტავრატორების ექსპერტული მოსაზრებების მოსმენა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პრობლემური საკანონმდებლო საკითხების განხილვა.
კერძოდ, ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფარგლებში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინიციატივით, იგეგმება ცვლილებების შეტანა „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონებში.
ფრაქციის ინფორმაციით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების შესაბამისად, მარტივდება ნებართვის გაცემა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისას ნებართვის აღება აღარ იქნება საჭირო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან.
ფრაქციაში ამბობენ, რომ პრობლემურია კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დაცვის საკითხიც, რამდენადაც სარეაბილიტაციო არეალში მოქცეული მრავალბინიანი სახლების განვითარების ან მათი რეაბილიტაციისთვის, საკმარისია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის იმ წევრთა თანხმობა, რომელთა საკუთრებაშია შენობა-ნაგებობის ფართის 50%-ზე მეტი.
ისინი ასევე ხაზს უსვამენ იმას, რომ მნიშვნელოვანია ინიცირებული ცვლილებებით წარმოდგენილი საკუთრების დაცვის საკითხიც – რეაბილიტაციის შედეგად 5%-ზე მეტით გაზრდილი ფართის შემთხვევაში, ამ ქონებაზე საკუთრების უფლება ექნება რეაბილიტაციის განმახორციელებელ სუბიექტს მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე.
ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ძველი თბილისის რეაბილიტაციის გეგმაში არსებული ხარვეზების განხილვისა და ალტერნატიული წინადადებების შემუშავების მიზნით აქტიური სამუშაო პროცესის დაწყებას გეგმავს.