კოლმეურნეობაზე, ყვავილების პავილიონის მშენებლობა, სულ მცირე, 2 წლით გადაიდო

1422

კოლმეურნეობის ყოფილ მოედანზე, „პირიმზის” მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილების პავილიონის მშენებლობა მინიმუმ 2 წლით გადაიდო. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

კომპანია PP-ის დამფუძნებელი ლაურა ღაჭავა ამბობს, რომ ამის მიზეზი კოლმეურნეობის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

თავდაპირველი პროექტის მიხდევით, კოლმეურნეობის მოედანზე, ლითონისა და მინის 2-სართულიანი კონსტრუქცია უნდა მოწყობილოიყო – პირველ სართულზე ყვავილების სექცია განთავსდებოდა, მეორე სართულზე კი კაფე-ბარები. პროექტის მოწყობისთვის 10 თვე იყო განსაზღვრული.

მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ორსართულიანი, თუნდაც მსუბუქი კონსტრუქციის გაჩენა მიზანშეწონილი არ არის. ამიტომ, მერიის არქიტექტურის სამსახურმა კომპანია PP-ს პროექტის ცვლილება მოსთხოვა.

ცნობილია, რომ კოლმეურნეობის მოედნის ქვეშ სამდონიანი პარკინგი მოეწყობა. 20 მილიონიანი პროექტის მიხედვით, მოედნის და მიმდებარე სახლების რეაბილიტაციაც მოხდება.

ლაურა ღაჭავა აცხადებს, რომ სანამ მშენებლობები არ დასულდება, ყვავილების პავლიონის პროექტი არ განხორციელდება, რასაც სულ მცირე ორი წელი სჭირდება.