საქართველოში ღვინის მუზეუმი გაიხსნება, რომელსაც ქვევრის ფორმა ექნება. პროექტის ხელმძღვანელის მაია ჩადუნელის თქმით, მუზეუმი, სავარაუდოდ, რიყის პარკში აშენდება, რადგან ეს ტერიტორია ტურისტებისთვის მიმზიდველია. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.
მისივე განცხადებით, მერიამ რიყის პარკთან ერთად სხვა ლოკაციებიც განიხილა — მცხეთა და თბილისის ზღვა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტით ორი ქართველი ინვესტორია დაინტერესებული.
ღვინის მუზეუმი „ქვევრი“ 4 სართულს მოიცავს და რამდენიმე ნაწილად დაიყოფა: მინუს სართულზე ქართული მარანი, მულტიმედიური სივრცე და ინსტალაციები განთავსდება. პირველ სართულზე სადეგუსტაციო დარბაზი ,ღვინის სალონი და მაღაზია. მეორე სართულზე მასტერ-კლასების სივრცე, ქართული პროდუქტი, სუვენირები და კაფე. ხოლო მეოთხე სართულზე რესტორანი აუთენტური და ტრადიციული სამზარეულოთი განთავსდება.
სივრცეს ქვევრის ფორმა ახალგაზრდა არქიტექტორმა დავით გოგობერიშვილმა მისცა, რომელმაც ღვინის მუზეუმის პროექტი რამდენიმე წლის წინ შექმნა.