სოფელ ცივაძეების მოსახელობა ინფრასტრუქტურის მინისტრს სოფლის სახლისა და სპორტული მოედნის მშენებლობას სთხოვს

771

შუახევის სოფელ ცივაძეებმის მოსახლეობამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შუახევის სამოქალაქო საბჭოს დახმარებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს და აჭარის მთავრობას წერილით მიმართა და სოფელში სოფლის სახლისა და სპორტული მოედნის მშენებლობა სთხოვა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლის პირველადი საჭიროებები საერთო შეკრებაზე გამოავლინა და საბჭოს ჩართულობით ამ საჭიროებების გადაწყვეტის გზების ძიება დაიწყო.

იმის გამო, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მწირი ბიუჯეტი აქვს, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხელისუფლებამ 2 წლის წინ გააუქმა, მოსახლეობა იძულებული გახდა, პრობლემის მოსაგვარებლად აჭარის მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის მიემართა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბება ცოტა ხნის წინ დაიწყო. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საბჭოები მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების ადვოკატირებისთვის, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სამოქალაქო კამპანიების საწარმოებლად იქმნება.

პირველ ეტაპზე საბჭოები აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში შეიქმნა.