თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მათი ინფორმაციით, თბილისის მეტროპოლიტენი, შესაძლოა, მართვაში ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას გადაეცეს, რომლის 25%–იანი წილს მისი მტკიცებით, რუსული კომპანია „ოპორა“ ფლობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულის შესახებ მათ ინფორმაცია თბილისის მერიის მაღალჩინოსნებმა მიაწოდეს, თუმცა შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ ინფორმაციის გადამოწმება მოხდა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის 50%–ს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ფლობს, ხოლო 25%–ის მფლობელი კი რუსული კომპანიაა „ოპორაა“, რომლის დამფუძნებელიც ვინმე გენადი სტრელცოვია.
„მეტროპოლიტენში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ჩვენი ინფორმაციით, დედაქალაქის მერი და ქალაქის მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს კონკრეტულ კომპანიასთან, რომ მეტროპოლიტენი სამართავად გადაეცეს შპს–ს, რომლის 25%–ს ფლობს რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებული „ოპორა“ და ვინმე გენადი სტრელცოვი. ეს ინფორმაცია სასწრაფოდ უნდა უარყოს დედაქალაქის მერმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე გვექნება სტრატეგიული ობიექტის გადაცემასთან კომპანიისთვის, რომლის 25%-იანი წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები არიან და შესაბამისად, ეს სახელმწიფო ინტერესებისთვის არის საზიანო. მეტრო, გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, არის სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის ომის პირობებში. ის, რომ კალაძე შემჩნეულია ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში, გვახსოვს „გაზპრომთან“ დაკავშირებით. ამდენად, ახლა დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ სასწრაფოდ უნდა უარყონ აღნიშნული. ჩვენს მიერ გაჟღერებული ეს ინფორმაცია არის პრევენციული ხასიათის, რომ დედაქალაქის მერმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხელი აიღონ ამ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.