განუსაზღვრელად გაფართოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იმ კონსტიტუციური კანონის, რომელიც ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი წინგადადგმული ნაბიჯი ამ კონსტიტუციურ კანონში ისაა, რომ სათანადოდ მოწესრიგდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებათა წრე პრაქტიკულად განუსაზღვრელი ფორმით გაფართოვდა.
“ახალი ნორმა გვაქვს კონსტიტუციურ კანონში, რომლის მიხედვითაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი რამ, თუ ეს არ არის სახელმწიფო ხელისუფლების, ან თვითმმართველობის განსაკუთრებული უფლებამოსილებები. ანუ, განუსაზღვრელად გაფართოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იმ კონსტიტუციური კანონის, რომელიც ჩამოყალიბდა. ეს ხელ-ფეხს უხსნის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას, იზრუნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე. ავტონომია გაფართოვდა, მინისტრების დანიშვნაში არ მონაწილეობს ცენტრალური ხელისუფლება, გადაისინჯა დათხოვნის წესი და ა.შ. აბსოლუტურად დაუხვეწავი და დამახინჯებული კონსტიტუციური კანონი შევცვალეთ ძალიან მოწესრიგებული კონსტიტუციური კანონით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს კი ცვლილებების პროექტში არსებული ჩანაწერი არ მოსწონს და მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიის უფლებამოსილებების უფრო მეტი გაზრდა ოკუპირებული რეგიონებისთვის გზავნილი იქნებოდა.
“1995 წელს ეს სულისკვეთება იყო და მე მაშინ ვეთანხმებოდი ამ სულისკვეთებას, რომ მოდით ჯერჯერობით ნუ გადავწყვეტთ, მივცეთ დრო და მერე აფხაზებთან და ოსებთან ერთად გადავწყვიტოთ ეს საკითხი. მაშინ ლოგიკური იყო ეს, მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ, 1995 წლის მერე საუბედუროდ მოხდა 2008 წელი და სამწუხაროდ, ვითარება ახლა კიდევ უფრო რთული არის. ჩვენ ძალიან ნათელი გზავნილები იმასთან დაკავშირებით, როგორ შეგვიძლია ავტონომიების ინტეგრაცია ერთიან პოლიტიკურ სისტემაში, უნდა მივაწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზს მიღმა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საკითხს გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რომელიც “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” კონსტიტუციურ კანონს ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
“საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” კონსტიტუციურ კანონს, ერთხმად, მოწინააღმდეგის გარეშე დაუჭირეს მხარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის ეფექტური მართვისთვის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობისთვის. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებას”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი