ორპალატიანი პარლამენტი, ზოგადად, მეცნიერებაში ასეა, რომ აღიქმება პარლამენტის დასუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ორპალარტიან პარტლამენტთან დაკავშირებით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მსჯელობა გაიმართა. ”თუმცა, ორპალატიანი პარლამენტი, ზოგადად, მეცნიერებაში ასეა, რომ აღიქმება პარლამენტის დასუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯად, რადგან როდესაც ერთპალატიანია პარლამენტი, ის უფრო ქმედითუნარიანია სხვა კონსტიტუციური ორგანოების მიმართ. თეორიაში აღიარებულია, რომ ორპალატიანი პარლამენტი სხვა ორგანოების მიმართ უფრო სუსტია, ვიდრე ერთპალატიანი პარლამენტი. ეს არის კონსტიტუციური სამართლის თეორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა. გარდა ამისა, ორპალატიანი პარლამენტები, გარდა გამონაკლისებისა, რეგიონული მოწყობის მქონე სახელმწიფოებში იქმნება. ორპალატიანი პარლამენტის მთავარი ფუნქციაა რეგიონების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. დღევანდელ საქართველოში რეგიონები შექმნილი არაა და უფრო მეტიც, ვიდრე არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ორპალატიან პარლამენტს ვერ ექნება იურიდიული და პოლიტიკური დასაბუთება. ძირითადად, რისთვის გვინდა მეორე პალატა?! იმისთვის, რომ სხვა რეგიონებთან ერთად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იყოს წარმოდგენილი”, – განაცხადა კობახიძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი