თოიძის თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობის დემონტაჟის ნებართვა თბილისის მერიამ გასცა

2823

მოსე თოიძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობის დემონტაჟის ნებართვა თბილისის მერიამ გასცა, თუმცა, იქ სასტუმროს აშენების ნებართვა ჯერ გაცემული არ არის – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

კალაძის თქმით, ამ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა.

“მე როგორც ვიცი, უნდა განხორციელდეს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, თუმცა ნებართვა გაცემული არ არის. ამას სჭირდება გარკვეული კვლევები, დოკუმენტაციის შეგროვება, როგორც ყველა ნებართვის გაცემის დროს და როცა ეს ყველაფერი მომზადდება, შესაბამისი სამსახური იმსჯელებს. დემონტაჟის ნებართვა უკვე გაცემულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ იყო ისტორიული შენობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N21-ში მდებარე სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა აუქციონზე 12 505 000 ლარად, მაღალი კონკურენციის პირობებში, 861 ბიჯის შედეგად, 2017 წლის დეკემბრის ბოლოს გაიყიდა.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში შპს „ასტორიამ“ გაიმარჯვა და აუქციონის პირობების მიხედვით, არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და სულ მცირე 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება უნდა უზრუნველყოს.