თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია უახლოეს დღეებში თბილისის ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტს წარადგენს. მისი განცხადებით, დოკუმენტის ერთ-ერთი კომპონენტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთიანი გადახდის სისტემის შემუშავებაა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
კალაძის განმარტებით, გადახდის ერთიანი სისტემა არა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, არამედ მიკროავტობუსებსაც შეეხებათ.
“ვფიქრობთ, ძალიან მალე იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ როგორ, რა ფორმით განხორციელდება ეს. ამ კვირას, ან მომავალ კვირას ვაპირებთ ტრანსპორტის პოლიტიკის წარმოდგენას, თუ როგორი ხედვა გვაქვს და რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ წლების მიხედვით. ასევე, გვაქვს მიღებული EBRD-ის გრანტი და დავიწყეთ კვლევა “სისტრას” დახმარებით, რომ უფრო გამარტივებული და კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის სურვილი. პარალელურად, მნიშვნელოვანია განახლება როგორც ყვითელი ავტობუსების, ასევე, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია-მოდერნიზება და მეორე მხრივ, ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ვაგონების შემოყვანა”, – განაცხადა კალაძემ.
სატრანსპორტო შეღავათებით შესაძლოა, მიკროავტობუსების მგზავრებმაც ისარგებლონ. ამ ინიციატივის შესახებ თბილისის სატრანსპორტო ქსელის რესტრუქტურიზაციისა და მოდელირების პროექტზე მომუშავე კომპანია „სპექტრუმ კონსალტინგის“ წარმომადგენელმა, ასმათ აბესაძემ თბილისის საკრებულოს ტრანსპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე 22 მაისს თქვა.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქის მერიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია 2015 წლის დეკემბერში უკვე შეიმუშავა, თუმცა, როგორც ჩანს, მერია ახალი დოკუმენტის მიღებას გეგმავს.