სამცხე-ჯავახეთში, შესაძლოა, მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს

988

სამცხე-ჯავახეთში, შესაძლოა, მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს.

რეგიონში წლების განმავლობაში არსებული პრობლემის მოგვარების იდეა, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას ეკუთვნის, რომლის ორგანიზებით, ,,სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ თავშესაფრის პროექტის პრეზენტაცია მოაწყო.

ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი ა(ა)იპ „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ შეიმუშავა და ითვალისწინებს კეთილმოწყობილი და მრავალფუნქციური დაწესებულების შექმნას, რომელიც კომპლექსურ მომსახურებას გაუწევს და სხვადასხვა თანამედროვე სახის სერვისებით უზრუნველჰყოფს, როგორც უპატრონო, მიუსაფარ, ასევე მზრუნველობის ქვეშ მყოფ ცხოველებს.

„გუბერნატორის ადმინისტრაცია აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით აქტიურად თანამშრომლობს მხარის მუნიციპალიტეტებთან, რადგან ვფიქრობთ, ცხოველთა თავშესაფრის ამოქმედებით, მოგვარდება რეგიონში ამ კუთხით არსებული მდგომარეობა, ცივილური და ჰუმანური ფორმებით” – განაცხადა პროექტის პრეზენტაციაზე მხარის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ.

“შეხვედრის ფარგლებში, იმსჯელეს თავშესაფრის აშენების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ პრობლემა მხარის ყველა მუნიციპალიტეტს თანაბრად აწუხებს და იგი ერთობლივი ძალებით უნდა გადაწყდეს.

წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შემთხვევაში საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი თავშესაფარი მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება, შედეგად კი, როგორც მიუსაფარ ცხოველთა, ისე მოქალაქეთა უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები მოგვარდება”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.