კალაძე: მეტროს მემანქანეების მოთხოვნები არასწორია

797

წინა სტატია

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს მემანქანეების მოთხოვნებსა და გაფიცვის უფლების შეზღუდვას ეხმიანება. კალაძის თქმით, ამ ეტაპზე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და მერიას მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდის შესაძლებლობა არ აქვს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია. რამდენჯერმე გავაკეთეთ ახსნა-განმარტებითი განცხადება. ამ ეტაპზე არც კომპანიას და არც დედაქალაქის მერიას არა აქვს არანაირი შესაძლებლობა, რომ ხელფასები, რომელიც 1400-დან 2000 ლარამდე მერყეობს, 45%-ით გავზარდოთ. ეს არის გამორიცხული და შეუძლებელი, მაშინ როდესაც უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე გვყავს ადამიანები დასაქმებული, რომლებიც იღებენ 400 ლარს, 600 ლარს, 700 ლარს, 800 ლარს და ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაო აქვთ. თუმცა, თუ მეკითხებით, საკმარისია თუ არა ის ხელფასი, რასაც იღებენ, არა მხოლოდ მეტროს მემანქანეებზე მაქვს საუბარი, ზოგადად, არ არის საკმარისი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს, წინ წავიდეს და პირველი მე ვიქნები, ვინც ამაზე გააკეთებს განცხადებას. ამის შესაძლებლობა ქვეყანას და ქალაქს უნდა გააჩნდეს. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, იცით, რომ გაფიცვასაც თავისი წესები აქვს; ვაპირებთ მათი მოთხოვნა სასამართლოში გავასაჩივროთ, რადგან ნამდვილად არასწორი მოთხოვნებია მათი მხრიდან წამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ ახსნა- განმარტებები იქნა გაკეთებული, ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშორებით, რომ ისინი არ დაემორჩილებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამიტომ, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კალაძემ.

მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი 3 მაისს გაფიცვას გეგმავდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ გაფიცვა 30 დღით გადადო. რამდენიმე დღის წინ კი სასამართლომ მემანქანეებს გაფიცვის უფლება უკვე გაურკვეველი დროით შეუზღუდა. თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ.