ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საზოგადოებრივ ცენტრში დოკუმენტური ფილმის “ინიციატივა არ ისჯება“ ჩვენება მოეწყო, რომელსაც სოფელ მატანის, დუისისა და საკობიანოს საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.
შეხვედრა პროექტის „პანკისელი ახალგაზრდების გაძლიერება ცვლილებისათვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი პანკისის ხეობაში ახორციელებს.
„მოწვეული გვყავდა ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც საბჭოთა წარსულის მკვლევარია. რაც შეეხება ფილმს, ძირითადად, ასახავს, რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობა მიმდინარე პროცესებში. ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყო დისკუსია სამოქალაქო ჩართულობისა და მოქალქეთა ინიციატივების მნიშვნელობაზე. ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები „საბჭოთა თბილისი“ და „დაკარგული ისტორია“. საბოლოო ჯამში საინტერესო შეხვედრა გამოვიდა”, – აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა ელენე შაშიაშვილმა.
პროექტის “პანკისელი ახალგაზრდების გაძლიერება ცვლილებისათვის“ მიზანი ახალგაზრდებისთვის გასართობი და საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებაა. პროექტი ხორციელდება კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS პროექტის ფარგლებში.