თბილსერვის ჯგუფმა ორი თვის წინ ლილოს ნაგავსაყრელის გაფართოების მიზნით სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. საუბარია საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მშენებლობაზე, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავის არ მიუღია. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.
„ჩვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერში სამწუხაროდ მონაწილეობა არავის მიუღია, რადგან ის სატენდერო ფასი, რაც სამხარაულის ბიურომ დაადგინა, სავარაუდოდ იყო ძალიან დაბალი. ამიტომაც ბიუროში მოხდა ხელახლა გადაფასება და შესაბამისად ხარჯთაღრიცხვამაც დაახლოებით 10 %-ით მოიმატა. ჯამში, სატენდერო ფასმა 880 ათასი ლარი შეადგინა. ახლა თავიდან გამოვაცხადეთ ტენდერი და იმედია ამჯერად ეს ფასი ადეკვატური იქნება“,-განმარტა “თბილსერვისის” დირექტორმა ლევან ჯღარკავამ.
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი აღნიშნავს, ვაჭრობა მაისის ბოლოს დაიწყება და იმ შემთხვევაში თუ კვლავ იგივე განმეორდა, არაა გამორიცხული კომპანიამ გამარტივებულ შესყიდვას მიმართოს.