გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს უფროსს 12 500 ლარის ერთპიროვნულად განკარგვის უფლება მიეცა

1178

საქართველოს შესყიდვების სააგენტომ,  გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს მისცა თანხმობა, 12 500 ლარის ერთპიროვნულად განკარგვის თაობაზე. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, კულტურის სააგენტოს დირექტორს უფლება მიეცა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, 12 500 ლარი საესტრადო გუნდს “ქუჩის მუსიკოსებს” გადაურიცხოს. ნებართვის მიღებამდე, გიორგი ნადიბაიძეს გამარტივებული შესყიდვის უფლება არ ჰქონდა, რადგან მომსახურების ღირებულება 5 000 ლარს ზევით სცილდებოდა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა აღნიშნული ფაქტი მას შემდეგ გააპროტესტეს, რაც კონცერტის ჩატარების შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

კულტურის სააგენტოს უფროსის გიორგი ნადიბაიძის მიერ ხელმოწერილ, 11 მაისით დათარიღებულ ბრძანებაში წერია, რომ “ქუჩის მუსიკოსების” კონცერტი ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღის აღნიშვნას მიეძღვნება.

“ახალგაზრდობისა და ტურიზმის სააგენტოს მიაჩნია რომ ამ მოკლე დროში არარეალურია ბაზარზე გაჩენილიყო რეალური ალტერნატივა” – აღნიშნავს ქართული და რუსული ესტრადის ვარსკვლავი გიორგი ნადიბაიძე.