გორის მერიის მხარდაჭერით ახალგაზრდული პროექტი “სოციალური კინო” დაიწყო.
მერიის ცნობით, პროექტი „სოციალური კინო“ განკუთვნილია გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ზოგადი კინემატოგრაფიითა და ისეთი სოციალური საკითხებით დაინტერესებისთვის, როგორიცაა: ეკოლოგია, ისტორია, კულტურა და მედიაზემოქმედება.
ასევე, პროექტის მიზანია, თანამედროვე ქართველი კინორეჟისორებისა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაცია.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი გათვლილია სოფელ დიცში, ტირძნისში, მერეთსა და ხელთუბანში მცხოვრებ 20-30 ახალგაზრდაზე, რომლებიც წინასწარი გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ.
,,სოციალური კინოს“ ფარგლებში გაიმართება კიდევ 4 შეხვედრა- მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟანი ფილმების ჩვენება, ასევე, ლექციების, დისკუსიებისა და დებატების საშუალებით მოეწყობა ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა: რელიგიური კონფლიქტები და ქალთა როლი ამ კონფლიქტებში, ადამიანის ზემოქმედების შედეგები ეკოლოგიაზე, პოლიტიკა და სახელმწიფო მმართველობა.
გორის მუნიციპალიტეტის მერია “სოციალურ კინოს“ ,,ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამიდან“ 1 620 ლარით აფინანსებს.
ასევე, პროექტის მხარდამჭერები არიან „მეგობრობის ხიდი ქართლ-ოსი“, ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და დიცის, ტირძნისის, მერეთისა და ხელთუბნის სკოლები.
პროექტის ავტორია სოფელ დიცში მცხოვრები ახალგაზრდა ელენე მინდიაშვილი.