საბერძნეთში, კურორტ კოსტა ნავარინოში საერთაშორისო სათხილამურო კონგრესი მიმდინარეობს, სადაც ბაკურიანი 2023 წელს სნოუბორდსა და ფრისტაილში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ოფიციალური კანდიდატის სახელითაა წარმოდგენილი. უმასპინძლებს თუ არა ბაკურიანი, 2023 წელს, სნოუბორდსა და ფრისტაილში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატს, ეს 17 მაისს გახდება ცნობილი. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
რიგით 51-ე კონგრესი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერაა ორგანიზებული. კონგრესსზე, ბაკურიანის მხარდამჭერები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის აპრილში, საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააკეთა, 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის კურორტ ბაკურიანში ჩატარების თაობაზე.
კურორტს სამი სასრიალო ზონა აქვს: დიდველი, კოხტა და მიტარბი. საერთაშორისო ჩემპიონატების მასპინძლობის პერსპექტივით, მთის კურორტების განვითარების კომპანია დიდველზე ახალი სასრიალო არეალის გაშენებას გეგმავს, სადაც ასევე განთავსებული იქნება თოვლის პარკი. ახალი არეალი, სადაც ოთხი ახალი საბაგირო დაემატება, სასრიალო გზებით დაკავშირებული იქნება დიდველის მთასთან.