რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამის შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრას მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილეები – მზია გიორგობიანი, გრიგოლ კაცია და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW ) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი, კლაუს ვეიგელი ესწრებოდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას და ინტეგრირებულ მართვას ითვალისწინებს. ამ პროექტისთვის უკვე მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები.
გეგმის თანახმად, მოეწყობა ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელი, აშენდება გადამტვირთი სადგურები და კომპოსტირების პილოტური ქარხანა. პროექტი ასევე ითვალისწინებს დასუფთავების მანქანების შეძენასა და არსებული ნაგავსაყრელების დახურვას.
პროექტის დასაფინანსებლად გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი 30 მილიონ ევროს გამოყოფს.