თბილისის სატელევიზიო ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის კონცეფციას ესტონური კომპანია შექმნის.
პროექტზე მუშაობა ესტონურმა „კოკო არქიტექტორებმა” 31 აგვისტომდე უნდა დაასრულოს, რაშიც კომპანია 100 500 ლარს მიიღებს. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
თბილისის სატელევიზიო ანძაზე ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობაზე შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა” ტენდერი 9 აპრილს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 120 ათასი ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა 2-მა კომპანიამ მიიღო – ესტონურმა „კოკო არქიტექტორებმა“ და ქართულმა „ქობულიები და პარტნიორები“.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ტურისტული ინფრასტრუქტურა 277,8 მეტრიანი ანძის 41-ე მეტრის მეტრი სიმაღლეზე მდებარე კონსტრუქციაზე უნდა მოეწყოს. ადგილზე ასევე შეიძლება განთავსდეს მოძრავი იატაკის მქონე კვების ობიექტი, პანორამული პლატფორმა, ლიფტი ან საგამოფენო სივრცე. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ესტონურმა კომპანიამ რამდენიმე განვითარების სცენარი, ბიზნეს კონცეფცია და არქიტექტურული მონახაზი უნდა შექმნას.