თბილისში, დადიანის N34-ში საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1716

თბილისის განვითარების ფონდი დადიანის N34-ში საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  ასრულებს. შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული და ქვემო კალის განაშენიანების უნიკალური ნიმუშია.

თბილისის განვითარების ფონდის ცნობით, საცხოვრებელი სახლი ძველი ქალაქის გალავნის ბურჯზეა აშენებული და მისი განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი ჭვირული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარდაფის სარესტავრაციო სამუშაოები; ფასადის მომზადება სამღებრო სამუშაოებისთვის; შენობის პერიმეტრზე არსებული ხის კარ-ფანჯრებისა და აივნების მოწყობა; ეზოს ხის ჭიშკრის დამზადება. გარდა ამისა, დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობისა და შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები. მანამდე გამაგრდა შენობა, შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, ამოიწმინდა მიწით ავსებული სარდაფი, ხოლო სარდაფის კედლის ნაწილი გაიწმინდა და შენარჩუნდა ავთენტური სახით; გადაეწყო დადიანის N32-სა და N34-ს შორის საერთო გამყოფი კედელი; აღდგა დაზიანებული სახურავი; რესტავრირდა აივნები და მისი დეკორატიული ელემენტები, აივნის სვეტები და რიკულები; ხის დაზიანებული დეტალები შეიცვალა ახალი ანალოგიური ნაკეთობებით.

თბილისის ფონდში აცხადებენ, რომ რეაბილიტაცია სტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესაბამისი წესების დაცვით, პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.