პრემიერმა გაეროს ელჩებს მთავრობის რეფორმების ოთხ პუნქტიანი გეგმა გააცნო

1117

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა ელჩებს რეფორმების ოთხ პუნქტიანი გეგმა, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები და ტურისტული პოტენციალი გააცნო.

გაეროს ელჩებმა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს გაეროს წევრ ცალკეულ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე.

ასევე,  ყურადღება გამახვილდა საქართველოს აქტიურ მონაწილეობაზე, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა გაეროს ელჩებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენებისა და ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით, იქ არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრისას, აღინიშნა საქართველოს ურყევი ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიმართულებით და ამ პროცესში, ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების როლზე.

“გაეროს ელჩებმა დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა”, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.