საბავშვო ბაღის დირექტორის პოზიციაზე ნარკოტიკების მომხმარებელი და განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირების დანიშვნა აიკრძალა. ასეთი რეგულაცია 45 მუნიციპალიტეტში უკვე მოქმედებს. ინფორმაციას “რეგინფო” ავრცელებს.
საკრებულოების მიერ მიღებული დადგენილებებით, ბაღის დირექტორი ვერ გახდება ადამიანი, რომელიც ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას არ წარადგენს (ან ცნობას წარადგენს, რომლითაც მოხმარების ფაქტი დასტურდება).
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ ასეთი აკრძალვა შემოიღეს საგარეჯოს, ხულოს, ქალაქ ქუთაისის, გორის, მცხეთის, თერჯოლის, წყალტუბოს, ბაღდათის, თელავის, ბორჯომის, ზუგდიდის, ამბროლაურის, ონის, ვანის, ახალქალაქის, ახალციხის, წალკის, ნინოწმინდის, ქარელის, მარნეულისა და ასპინძის საკრებულოებმა. ასეთივე აკრძალვა დამტკიცებული აქვთ ჩხოროწყუს, ადიგენის, მარტვილის, ქალაქ ბათუმის, ცაგერის, წყალტუბოს, წალენჯიხის, ხელვაჩაურის, შუახევის, მესტიის, ქალაქ რუსთავის, სენაკის, გარდაბნის, გურჯაანის, დმანისის, ქედას, თეთრიწყაროს, ქობულეთის, ქალაქ ფოთის, ხობის, ბოლნისის, აბაშის, ჩოხატაურისა და ყვარლის საკრებულოებს.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მიხედვით, ნარტოტიკული საშუალებების მომხმარებლისათვის პედაგოგიური საქმიანობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის უფლების 3 წლით ჩამორთმევა მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დაიშვება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 64 მუნიციპალიტეტია.