თბილისის საკრებულოში “ვარდების რევოლუციის” მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭების შესახებ საკითხის ინიცირება მოხდა. საკითხმა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კამათიც გამოიწვია. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
კომისიის სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები, ირაკლი ნადირაძე და ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ესწრებოდნენ.
ვაჩეიშვილმა ხელისუფლება ისტორიის წაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, „ვარდების რევოლუცია“ საქართველოს და მისი თითოეული მოქალაქის მონაპოვარია. უმრავლესობამ ოპოზიცია პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა.
კამათის შემდეგ ირაკლი ნადირაძემ და ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულო ვარდების მოედნისთვის სახელწოდების შეცვლას აპირებს. ინიციატივას თბილისის მერი მიესალმება.