ახმეტაში, შესაძლოა, ყველის გადამამუშავებელი საწარმო აშენდეს

868

ახმეტის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების ყველის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება იგეგმება.  კოოპერატივ “ალაზნისთავის“ დამფუძნებლის, პაატა აბულიძის თქმით, ეკოლოგიურად სუფთა გუდის ყველზე ევროპის ქვეყნებში მოთხოვნა მაღალია, მაგრამ საწარმო, სადაც პროდუქციას შეფუთავენ, არ არსებობს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

“ჩვენი სისუსტე პროდუქციის შეფუთვაა. ალვანში არსებული საწარმო, სადაც ამჟამად ვაფასოებთ ყველს, ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებიც შეესაბამება იაპონიისა და ევროპის ბაზრებს. ამერიკის ბაზარზე ამ მხრივ პრობლემა არ გავქვს, რადგან იქ სხვა სტანდარტებია. ევროპიდან იყვნენ ჩამოსულები, გუდის ყველი ძალიან მოეწონათ, მაგრამ პროდუქციის შეფუთვის პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება“, – თქვა პაატა აბულიძე.

მისი ინფორმაციით, ყველის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო, სავარაუდოდ, ქვემო და ზემო ალვანის საზღვარზე აშენდება.

„ჩვენ უკვე დავწერეთ პროექტი, რომელიც დაამუშავა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ. ამჟამად საუბარია მიწის გამოყოფაზე. ჩვენი ვარაუდით, ყველის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას შემოდგომიდან დავიწყებთ“, – განაცხადა აბულიძემ.