თბილისში ერთ-ერთ ისტორიულ სადარბაზოს რესტავრაცია უტარდება

1026

თბილისის განვითარების ფონდი დავით აღმაშენებელის N93-ში მდებარე მაღალმხატვრული ისტორიული სადარბაზოს რესტავრაციას უტარებს, რომლის მხატვრობაც შესრულებულია 1905 წელს, ცნობილი მხატვრების, ბენედიქტ (ბენო) ტელინგატერისა და დე მარცოს მიერ.

ფონდის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქაღალდზე შესრულებული მხატვრობის, ზეთის საღებავებით შესრულებული 6 კომპოზიციის, დეკორატიული მხატვრობისა და მაღალხარისხიანი ბათქაშით შესრულებული ელემენტების კონსერვაცია-რესტავრაცია, ასევე, ლითონისა და ხის ნაკეთობების გაწმენდა-რესტავრაცია, გვიანი დანამატების მოხსნის სამუშაოები და დეკორატიული მორთულობების კონსერვაცია.

ასევე დაგეგმილია არქიტექტურულ-სარესტავრაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ სადარბაზოს იერსახე და ღირებულება მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული.

ფონდის განმარტებით, მხატვრობისა და ზეთით შესრულებული დეკორატიული ელემენტების შელახვა სადარბაზოს სხვენში არასწორად მოწყობილმა სველმა წერტილებმა, სადარბაზოში უხარისხოდ გაყვანილმა კომუნიკაციებმა და დაზიანებულმა სახურავმა გამოიწვია.

სარესტავრაციო სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიული სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროგრამა 35-მდე ისტორიული სადაბაზოს აღდგენას ითვალისწინებს. სამუშაოებს ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული და გამოცდილი შპს „რესტავრატორები და კომპანია“ ასრულებს.

აღმაშენებლის N93-ში მდებარე სადარბაზოს სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და მისი დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.