ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, ტურისტული ფორუმი გაიმართა, სადაც რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ იმსჯელეს.
უწყების ცნობით, ფორუმის მიზანია, რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის გაზრდა, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება ვიზიტორებისათვის, ტურიზმის სფეროში განათლების სისტემის დახვეწა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალი ტურისტული მიმართულების დამკვიდრება და არსებულის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება.
აღსანიშნავია, რომ ფორუმის ფარგლებში მოეწყო ალგეთის ეროვნული პარკის პრეზენტაცია, რომელიც ვიზიტორებს მაისიდან უმასპინძლებს, ასევე გაიმართა პრეზენტაცია ქვემო ქართლის მხარის შესახებ და მოეწყო თემატური დისკუსია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.