ბათუმის მერია მოუვლელი ტერიტორიებსა და შენობების კერძო მესაკუთრეების დაჯარიმების უფლებას ითხოვს

639

ბათუმის მერიამ, აჭარის უმაღლეს საბჭოს თხოვნით მიმართა, რათა კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირებაში დაეხმაროს, რომელიც ქალაქში მოუვლელი ტერიტორიების მოწესრიგების საშუალებას მისცემს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ქალაქის დამახინჯებული იერსახისა და ანტისანიტარიის მიუხედავად, მერიას არ შეუძლია რაიმე სანქციები დააწესოს, ან მეპატრონეს ნაგვის გატანა და ტერიტორიის დასუფთავება მოსთხოვოს. კანონში ეს გათვალისწინებული არ არის.

მერიის მიერ მომზადებულ მიმართვაში წერია, რომ „ბათუმის ტერიტორიაზე არსებობს  ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც მესაკუთრეების მიერ მიტოვებულია. ობიექტები ქცეულია ცხოველების, მღრღნელების, ქვეწარმავლების გავრცელების ადგილად, ხოლო იმის გამო, რომ ამ მიწის ნაკვეთებში და შენობა-ნაგებობებში შესაძლებელია მესამე პირების მოხვედრა, ობიექტები მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის რისკის შემცველია.

ბათუმის მერიაში მიიჩნევენ, რომ გამოსავალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანაა.

შემოუღობავი, ასევე მოუვლელობისა გამო მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის რისკის შემცველ ადგილებად ქცეული მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების მესაკუთრეების/მოსარგებლეების ქმედება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად” – ფიქრობენ მერიაში.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ კონკრეტულ კომისიას ინიციატივაზე მუშაობა ჯერ არ დაუწყია.