პრემიერმა სამეგრელოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაასახელა

935

ზუგდიდში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველის” კონფერენცია ჩატარდა, სადაც ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზუგდიდის მერი ლაშა გოგია აირჩიეს. პრემიერმა დელეგატებს სიტყვითაც მიმართა.

პრემიერმა თავის გამოსვლაში სამეგრელოში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.

კვირიკაშვილის თქმით, დაგეგმილია ანაკლიის პორტთან მისასვლელი 17 კმ-იანი გზის მშენებლობა. მისი ღირებულება 11 მილიონ ლარამდეა. “ამჟამად რეგიონში მიმდინარეობს სამუშაოები გზების რეაბილიტაციის 11 პროექტზე. სულ უნდა შესრულდეს 25 მილიონზე მეტი ლარის სამუშაოები”, – თქვა პრემიერმა.

ამასთან, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ წელს ფოთში, მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა დაიწყება.

“ამ პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია. რეგიონში ჯამში 7 ახალი ხიდი აშენდა”, – თქვა პრემიერმა.

“წყლის პრობლემა უკვე მოვაგვარეთ ანაკლიაში, მესტიასა და ფოთში, სადაც მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს. წელს ზუგდიდისა და ჯვრის მოსახლეობას მოუგვარდება პრობლემა, რომელიც მათ ათწლეულების განმავლობაში აწუხებდათ.

რეგიონის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის დახარჯულმა თანხამ, 2013 წლიდან დღემდე 91 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. დაიგო ახალი გზები, განხორციელდა წყალმომარაგების, გაზიფიცირების და ნაპირდაცვითი სამუშაოები”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.