გულიკო ზუმბაძე: დიდი ლილოს ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი მოქალაქეებს და გარემოს საფრთხეს უქმნის

999

თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა გულიკო ზუმბაძემ პრესკონფერენცია გამართადა განაცხადა, რომ  “დიდი ლილოს”ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელი მოქალაქეებსა და გარემოს ეკოლოგიის კუთხით ურთულეს პრობლემას უქმნის. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

ზუმბაძის თქმით, ამ ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიხედვით გამოყენება შეუძლებელია.

“დიდი ლილოს”ტერიტორიაზე 2010 წლიდან მოწყობილია ე.წ. მყარი ნარჩენების პოლიგონი, ნაგავსაყრელი, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები დღემდე განიცდიან უმძიმეს მდგომარეობას ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო. ჩვენი ძალისხმევა, თითოეული ნაბიჯი სწორი მიმართულებით იყო გადადგმული. სამი წლის განმავლობაში, საკრებულოში ათი სპეციალური სხდომა გვაქვს ჩატარებული, სისტემატურად ვიბარებდით ანგარიშს კომპანია “თბილსერვისისგან”, ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან “დაგი” და ასევე, საზედამხედველო კომპანიისგან “ტრიჯიტი”. მოგეხსენებათ, 2016 წლის 13 მაისს შპს. “თბილსერვისსა” და “დაგს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, “დაგს” 7 900 000 ლარად უნდა განეხორციელებინა გაზშემკრების, გეომებრანით გადახურვისა და კონსერვაციის პროცესები ნაგავსაყრელზე. მას შემდეგ გავიდა ორი წელი. 2017 წლის 19 ივნისს “თბილსერვისჯგუფმა” გაუგრძელა ნებართვა “დაგს”, თუმცა სამუშაოები დღესაც არ არის დამთავრებული. 2017 წლის დეკემბერში უკვე უნდა დასრულებულიყო გაზშემკრების მოწყობა, გეომებრანით გადახურვის სამუშაოები, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გახლდათ 2018 წლის მარტი. მოგეხსენებათ, უკვე აპრილია და დღეს იქ, უფრო გამწვავებული მდგომარეობაა“, – განაცხადა ზუმბაძემ.