სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დაწესებულ მორატორიუმთან დაკავშირებით, შესაძლოა, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
“მორატორიუმმა, რომელიც დღეს მოქმედებს, გარკვეული სირთულეები და უხერხულობები შექმნა. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ახალი კანონპროექტის პარალელურად, შევიტანოთ ცვლილებები მოქმედ მორატორიუმში და არ დაველოდოთ წლის ბოლოს, რათა ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა კვლავ უფრო თავისუფალი გახდეს. სწორედ მორატორიუმის გამო საკმაოდ დიდი აქტივები დღეს განკარგვის გარეშეა. გვინდა ხელ-ფეხი გავუხსნათ იმ აქტივების განკარგვას, რაც დღეს პრობლემატურია“, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის ინიცირება 30 აპრილის ბიუროს სხდომაზე იგეგმება, თუმცა პროექტს პარლამენტი პირველი მოსმენით მას შემდეგ მიიღებს, რაც ახალარჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს და ახალი რედაქციის კონსტიტუცია ძალაში შევა.
ახალი რედაქციის კონსტიტუციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. ამასთან, კონსტიტუციის მიხედვით, გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით მიიღება.